რა არის პითონი?

პითონი არის ინტერპრეტირებული, ობიექტზე ორიენტირებული, მაღალი დონის პროგრამირების ენა დინამიური სემანტიკით.

პითონი მულტიპარადიგმული ენაა და მოიცავს როგორც პროცედურული, იმპერატიული, ისე ფუნქციონალური პროგრამირების ელემენტებს. მას ხშირად ადარებენ(დადებითად რათქმაუნდა :)) ისეთ ენებს, როგორებიცაა Lisp, Tcl, Perl, Ruby, C#, Visual Basic, Visual Fox Pro, Scheme და Java.

პითონის მახასიათებელთა შორის აღსანიშნავია:

  • უაღრესად ცხადი, გასაგები და კითხვადი სინტაქსი

  • ინტროსპექცია

  • ობიექტ ორიენტირებული მიდგომის მულტიპარადიგმული დიზაინი

  • სრული მოდულარულობა

  • მონაცემთა უაღრესად მაღალი დონის ტიპირება

  • მეტაპროგრამირება

  • ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა

პითონის ინტერპრეტატორი წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ამდენად, ეს ენა მულტიპლატფორმულია და პითონზე შექმნილი პროგრამების გაშვება შესაძლებელია ყველა პლატფორმაზე(ოპერაციულ სისტემაზე). როდესაც კონსოლში ვბეჭდავთ python somescript.py, ინტერპრეტატორი ასრულებს შემდეგ ოპერაციებს:

  • ამოწმებს, არსებობს თუ არა somescript.pyc (ბაიტ-კომპილირებული კოდი) ან somescript.pyo (ოპტიმიზირებული კოდი) იმავე დირექტორიაში

  • თუ ბაიტ-კომპილირებული კოდი არ არსებობს, ინტერპრეტატორი დინამიურად ქმნის მას და უშვებს პროგრამას

  • თუ ბაიტ-კომპილირებული კოდი არსებობს, ინტერპრეტატორი ადარებს წყაროსა (somescript.py) და ამ ბაიტ-კოდის (somescript.pyc) მოდიფიკაციის დროს

  • თუ წყარო უფრო ახალია, ე. ი. მოხდა მისი რედაქტირება კომპილაციის შემდეგ, ინტერპრეტატორი შლის არსებულ ბაიტ-კოდს და თავიდან ქმნის მას

  • ინტერპრეტატორის ვირტუალური მანქანა ასრულებს ბაიტ-კოდს

პითონის პროგრამების სისწრაფე აბსოლუტურად შესადარია ჯავაზე შექმნილი პროგრამების სისწრაფისა. ისევე, როგორც ჯავას, პითონს გააჩნია ე. წ. JIT-კომპილატორები. ამათგან, ყველაზე ხშირად ციტირდება psyco, JIT-კომპილატორი ინტელ-თავსებადი პროცესორებისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს პითონზე დაწერილი პროგრამების წარმადობას, არის ცხადი და გასაგები Python/C API. მეტიც, პითონის სტანდარტული ბიბლიოთეკა მოიცავს ctypes, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი ფუნქციის გამოძახება C-ზე შექმნილი dll/so-დან.

მეხსიერების მართვა წარმოებს ავტომატურად, ე. წ. garbage collector-ის მეშვეობით, თუმცა, პითონის კლასებს აქვთ დესტრუქტორი, რომლის გამოძახება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პროგრამირების სხვა, თანამედროვე ენების მსგავსად, შეცდომებზე რეაგირება ხდება პროგრამულად try-except-else-finally ბლოკის გამოყენებით.

ობიექტების გამოძახებადობა წარმოადგენს პითონის ერთ-ერთ ძირითად კონცეფციას. პითონის callable object მსგავსია ფუნქტორისა C++-ში. განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ფუნქცია, თუნდაც იგი მოიცემოდეს კლასის ფარგლებს გარეთ, მოდულში, წარმოადგენს არა მარტივ პროცედურას, არამედ სწორედ გამოძახებად ობიექტს. როგორც ყველა სხვა ობიექტს, მათაც გააჩნიათ საკუთარი ატრიბუტები, რომელთა გამოყენება ხშირადაა მიზანშეწონილი. მაგალითად, 'func_closure', 'func_code', 'func_defaults', 'func_dict', 'func_doc', 'func_globals', 'func_name'… სწორედ ეს განაპირობებს დინამიური ინტროსპექციის (ჯავაში — რეფლქსიის) უნარს და სიმარტივეს. ცხადია, პითონში შესაძლებელია ოპერატორების ხელახალი განსაზღვრა (operator overloading). აღსანიშნავია ისიც, რომ პითონის მოდული ჩვეულებრივი ობიექტია, რომლის შექმნაც შესაძლებელია დინამიურად, ნებისმიერ დროს. პითონს გააჩნია როგორც სტატიკური, ისე კლასის მეთოდები. ამდენად, როდესაც მოიხსენიება ფუნქციები პითონში, ყოველთვის იგულისხმება გამოძახებადი ობიექტები. ეს უკანასკნელნი, შეიძლება, იყვნენ, ასევე, ე. წ. co-routine, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია გენერატორების სახით.

პითონიკი — პითონზე პროგრამირების ერთადერთი სწორი სტილი, პითონის, როგორც ენის per se, განუყოფელი ნაწილია. There is one and only one right way to do it, — როგორც ხუმრობით ამბობენ ხოლმე, პითონის ძენის ძირითად მანტრას წარმოადგენს. პრაქტიკაში კი, ასეთი სტილის არსებობა პროექტის დიზაინისას რესურსებისა და დროის არსებით დაზოგვას იძლევა შედეგად.

კლონები, ანუ პითონის ვერსიები არსებობენ როგორც ჯავას, ისე CLR-თვის. პირველი მათგანია ჯაითონი და მეორე — IronPython.

განსაკუთრებული ეფექტურობა პითონზე პროგრამირებისას მიიღწევა ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა მეტა-პროგრამირება, მეთოდების დეკორაცია, ლამბდა ოპერატორი, კონტრაქტები, განზოგადებული (a.k. generic) ფუნქციები და ა. შ.

წყარო: